ქუთაისში ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ ქუთაისში ლელოს შტაბის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცვლიშვილის თქმით, მას თვალში კასტეტი ჩაარტყეს.
ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ლელოს აქტივისტზე თავდასხმა ქართული ოცნების დავალებით მოხდა.
"ჩვენი შტაბის წევრს თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა. ის მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც გზა გადაუღობეს. როგორც კი ჩვენმა შტაბის წევრმა მანქანა გააჩერა კასტეტი ჩაარტყეს თვალში. პირდაპირ მითითება გააკეთეს ლელოზე და სააგიტაციო მასალაზე, რომელიც გადაჰქონდა. ეს პირველი შემთხვევა არაა, რომ ლელოს მხარდამჭერებსა და აქტიურ წევრებზე მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორება ხდება. პირდაპირ ქართულ ოცნებას, ხელისუფლებას ვადებ ხელს", - აცხადებს ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, ლელოს წევრებზე მაშინ ხდება თავდასხმა, როდესაც პარტიის საქმიანობა წარმატებული ხდება.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.