logo
ENG



ოცნება - 45.8%, ენმ - 26.4%, ევსაქები - 3.7% - ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები

01 ნოე 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნება ლიდერობს, მეორე ადგილზე კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა.

უფრო კონკრეტულად, ISFED-ის მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 45.8% (ცდომილების ხარისხი 0.7%; მინიმალური შედეგი 45.1%, მაქსიმალური - 46.5%).

  • ნაციონალური მოძრაობა - 26.4% (ცდომილების ხარისხი 0.65%; მინიმალური შედეგი - 25,8%,  მაქსიმალური - 27%).

  • ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - 3.7% (ცდომილების ხარისხი 0.2%; მინიმალური შედეგი 3.5%, მაქსიმალური - 3.9%).

  • დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - 3.1% (ცდომილების ხარისხი 0.1%; მინიმალური შედეგი - 3%, მაქსიმალური - 3.2%).

  • ლელო - მამუკა ხაზარაძე - 3.1% (ცდომილება 0.2%; მინიმალური შედეგი - 2.9%, მაქსიმალური - 3.3%).

  • გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 3% (ცდომილების ხარისხი 0.1%; მინიმალური შედეგი - 2.9%, მაქსიმალური - 3.1%).

  • გირჩი - 2.8% (ცდომილების ხარისხი 0.2%; მინიმალური შედეგი - 2.6%, მაქსიმალური - 3%).

  • ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1.3%, (ცდომილების ხარისხი 0.1%; მინიმალური შედეგი 1.2%, მაქსიმალური - 1.4%)

  • შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია - 1% (ცდომილების 0.1%; მინიმალური შედეგი - 0.9%, მაქსიმალური - 1.1%).

  • ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 0.9% (ცდომილება 0.1%; მინიმალური შედეგი - 0.8%, მაქსიმალური - 1%.

ISFED-ი განმარტავს, რომ ნათელაშვილისა და ბურჯანაძის პარტიების შემთხვევაში, არ შეუძლიათ დანამდვილებით განაცხადონ, გადალახეს თუ არა ამ ორმა პარტიამ 1%-იანი ბარიერი.

ამასთან, სამართლიანი არჩევნები მიუთითებს, რომ უბნების 8%-ზე გამოვლინდა დარღვევა -  დისბალანსი ბიულეტენებში.

ისფედის შეფასებით. PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან. 

ISFED-ის განცხადებით, საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა გამოვლინდა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, გადათვლაზე მიწვეულ უნდა იქნას ყველა დაინტერესებული  მხარე - საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„სამართლიანი არჩევნების“ არჩევნების დღის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიას. PVT მეთოდოლოგია ითვალისწინებს დამკვირვებლების შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე განთავსებას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. PVT გვაძლევს საშუალებას დროულად და სწრაფად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მცირე ცდომილების ხარისხის ფარგლებში.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებს, ცესკოს ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების 91.81% -  3 532 უბანი. ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება - 48,13%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 26,84%; ევროპული საქართველო - 3,79%; პატრიოტთა ალიანსი - 3,19%; ლელო - 3,21%; სტრატეგია აღმაშენებელი - 3,15%; გირჩი - 2,99%; ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,36%; ლეიბორისტული პარტია - 1%.

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და დღეს, 1-ლ ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება.


close დახურვა