ევროპული საქართველო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და უარს ამბობს შევიდეს მეათე მოწვევის პარლამენტში. პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ისინი არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას.
"სამწუხაროდ, იმან, რაც მოხდა საარჩევნო კომისიებში, არ დატოვა კითხვის ნიშანი, როგორი არჩევნები ჩატარდა 31 ოქტომბერს. არჩევნები, სადაც სრული სიტემით მუშაობდა ორკესტრირებული გაყალბების სისტემის მანქანა; არჩევნები, რომლის გაყალბებაშიც ჩართული იყო ერთად, პარტიული, სახელმწიფო და კრიმინალური სტრუქტურები. [...]
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არ არის რიგითი პროტესტი, ან ბოიკოტი. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ პარლამენტში აქტიურობას, მაგრამ დღეს საქმე გვაქვს სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურ დამახინჯებასთან", - ამბობს დავით ბაქრაძე.
მანვე მიმართა სხვა ოპოზიციურ პარტიებს და იმედი გამოთქვა, რომ ისინიც მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე.
ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მათი ნაწილი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, ნაწილი კი ჯერ კიდევ შიდა კონსულტაციებს მართავს.
ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.