logo
ENG



ლომჯარია: დაუყოვნებლივ დაიწყონ პარტიებმა მოლაპარაკებები პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის

08 ნოე 202022:47
3 წუთის საკითხავი
 
oykv5k498mi29s6.jpg

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია როგორც მმართველ, ასევე, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები საარჩევნო დარღვევების გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიების მიზნით.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა, ხოლო სიტუაციას ამძაფრებს გლობალური პანდემიის გამო საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ეკონომიკური კრიზისი. 

"2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. სიტუაციას ამძაფრებს გლობალური პანდემიის გამო საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ეკონომიკური კრიზისი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარმართვა საერთო სამართლებრივ და პოლიტიკურ გამოსავალზე შეთანხმების მიზნით. აუცილებელია, გზების გამონახვა, რათა შესაძლებელი გახდეს სადავო საარჩევნო უბნების შედეგების მაქსიმალური გამჭვირვალობით გადათვლა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს, უსწრაფესად დაიწყონ მოლაპარაკებები კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიების მიზნით", - აცხადებს ლომჯარია.

მისი თქმით, მოლაპარაკებებებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, ასევე, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესების დაკვირვებისა და ფასილიტაციის მიზნით.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გაცხადებულ შედეგებს გაყალბებულს უწოდებს და აპროტესტებს. პარტიების მოთხოვნა არის ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება, ხელახალი არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლეს, სადაც პროტესტი გრძელდება. ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ცესკო-სთან იქამდე დარჩებიან, სანამ კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობას არ დატოვებს. 


close დახურვა