logo
ENG



iFact: სოციალურად დაუცველების დაშინება და შანტაჟი - როგორ ემზადება ოცნება არჩევნებისთვის

23 ოქტ 202419:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/23/uqbqort97fmsh72.png
ფოტო: აი, ფაქტი

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ გაარკვია, რომ ხმების მისაღებად, სოციალურად დაუცველებზე მუქარის, ზეწოლისა და შანტაჟის პრაქტიკა 2024 წლის არჩევნებისთვისაც ამოქმედდა.

აი, ფაქტის ჟურნალისტები საქართველოს რამდენიმე რეგიონს ესტუმრნენ და ამ საკითხზე 50-ზე მეტ სოციალურად დაუცველს ესაუბრნენ. ისინი ამბობენ, რომ დაშინებაში გამგეობის და მერიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ერთ-ერთი რესპოდენტი ილია პაპა [სახელი შეცვლილია] აი, ფაქტთან ამბობს: "მთავრობის ხალხი იყო. რას ამბობენ და ხმა მოგვეცითო. რამდენი პროცენტი აძლევს ხმას ოცნებას, ამას არკვევენ. ყველაფერს შეგიჩერებთო. წელს მაგრად ეშინიათ, მიხვდი? გააქტიურებულები არიან, რომ ხალხი უმეტესი ხმას არ მისცემს. დადიან და ხალხს ეუბნებიან, ხმა ვის უნდა მისცეთო. მანქანას აღარ გამოგიშვებთ ამ სოფელშიო… ტრანსპორტსო… სოფლის გამგეობიდანაც იყვნენ. სოფლის გამგეობაც დადის და აფრთხილებს ხალხს. ყველგან დადიან მაგენი".

აი, ფაქტი წერს, რომ სოციალურად დაუცველთა რიგებში ყველაზე მოწყვლადი ის ნაწილია, რომელიც მთავრობამ დასაქმების პროგრამებში ჩართო. დასაქმების პროგრამა 2022 წელს ამოქმედდა; 2023 წელს დაასაქმეს 139 000 ადამიანი, წელს კი უკვე 228 573 ადამიანია დასაქმებული.

აი, ფაქტის მიერ ჩატარებული ინტერვიუებითაც დასტურდება, რომ სხვადასხვა რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში ამ ადამიანებს 300-ლარიანი სამსახურების წართმევით ან პირდაპირ ემუქრებიან, ან მინიშნებებს აძლევენ. მათთან ამ საკითხზე სასაუბროდ, ძირითადად, სოფლებში მერის წარმომადგენლები ან მმართველი პარტიის კოორდინატორები მიდიან.

აი, ფაქტმა ექსპერიმენტიც ჩაატარა - ჟურნალისტები სოფლებში მერის წარმომადგენლებს ქართული ოცნების შტაბის თანამშრომლებად გაეცნენ და ჰკითხეს, რა განწყობაა მათ თანასოფლელებში. სულ ესაუბრნენ მერის 16 წარმომადგენელს მცხეთა-მთიანეთში, აჭარაში, იმერეთში და ქვემო ქართლში. კითხვაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა წინასაარჩევნოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან ურთიერთობა, ყველა წარმომადგენელმა თქვა, რომ მოქალაქეებთან კარდაკარ დადიოდნენ და ყველა გაფრთხილებული ჰყავთ.

სრული მასალა ნახეთ აქ - სოციალურად დაუცველების დაშინება და შანტაჟი - როგორ ემზადება ქართული ოცნება არჩევნებისთვის


close დახურვა