მთავრობის მიერ მოქალაქეებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებით აკრძალვას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეხმაურებიან და მმართველ გუნდს ვიწროპარტიული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, კომენდანტის საათის დატოვება უგუნურებაა.
„ძალიან მნიშნელოვანია, ასეთ სიტუაციაში მთავრობამ მიიღოს, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით თუნდაც შეზღუდვებით მისი აღდგენის გადაწყვეტილება, იმისთვის, რომ ადამიანებს დროულად მიეცეთ საშუალება საკუთარი ცხოვრების აღდგენის, ელემენტარულად შემოსავლის მიღების. აბსოლუტურად უგუნურებაა კომენდანტის საათის დატოვება, რომელიც ასევე ზღუდავს მოქალაქეებს ნორმალურად გადაადგილებაში და ბიზნესს თავისუფალ საქმიანობაში“, - განაცხადა აბესაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი მიიჩნევს, რომ კომენდანტის საათით ხელისუფლება საკუთარი კომფორტის გაძლიერებას ცდილობს.
„ერთ არგუმენტს ვერ დაასახელებს ხელისუფლება თუ რა შედეგს აძლევს კომენდანტის საათი, როდესაც ბევრი შეზღუდვა მოხსნილია. რას ნიშნავს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ადამიანების გარეთ არ გასვლა, როდესაც ჯერ ისევ შეზღუდვებში იმყოფება ის ობიექტები, რომლებიც შეიძლება ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. თავისუფლად იყო შესაძლებელი ადამიანებს, თუნდაც შეზღუდულ რეჟიმში და დაწესებული სტანდარტის პირობებში, ხელი შეწყობოდათ ტრანსპორტით გადაადგილებაში, მაგრამ კიდევ ვიმეორებ ხელისუფლება ცდილობს საკუთარი კომფორტის გაძლიერებას“, - აცხადებს ბოტკოველი.
„ლელო საქართველოსთვის“ წევრი საბა ბუაძე კი მიიჩენვსმ რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირებას არ ახდენს.
„როდესაც ადამიანები გამოვლენ გარეთ, ეს მხოდეს ყველა უსაფრთხოების წესის დაცვით. სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. „ქართული ოცნება“ არ პროაქტიული საზოგადოების ინფორმირებაში. ყველანაირი საუბარი კომენდანტის საათის გაგრძელებაზე აღრმავებს ეჭვს, რომ "ქართული ოცნება" კომენდანტის საათს იყენებს ვიწროოპარტიული ინტერესისთვის“, - აცხადებს ბუაძე.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, ქვეყანაში 22 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე სახლიდან გასვლა ეკრძალებათ.
აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.