„ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ ბრიფინგი გამართა და ქვეყანაში არსებულ ბიუროკრატიულ ხარჯებზე ისაუბრა. აბესაძის თქმით, პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევით, საქართველო ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
აბესაძის თქმით, ასეთი რეიტინგი საერთაშორისო სავალუტო ფონდს საერთოდ აარ გააჩნია.
„სამწუხაროა, რომ უმძიმესი ეკეონომიკური კრიზისის ფონზე, რომელიც სამწუხაროდ, შეეხო ქართული ოჯახების უმრავლესობას, ეს კრიზისი როგორც ჩანს ქართული „ოცნების“ თავგასულ ბიურკრატიას არ შეეხება. უფრო მეტიც, პრემიერი მათ დასაცავად საქართველოს პარლამენტში აყალბებს ინფორმაციას ბიუროკრატიასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების შესახებ, ისევე როგორც მანამდე გააყალბა მითი არგონავტების შესახებ. პრემიერმა, როდესაც მოვთხოვოთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება იმისთვის, რომ ადამიანებს ნორმალური დახმარება გავუწიოთ გადასახადები შევამციროთ და ბიზნესს ხელი შევუწყოთ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევით, ჩვენ ვართ ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების სიმცირით მსოფლიოში მეორე ადგილზე. ეს არის ტყუილი. ასეთი რეიტინგი საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ გააჩნია. საერთაშრისო სავალუტო ფონდს აქვს ინფორმაცია ხელფასებზე გაწეულ ხარჯებზე, რომელშიც არ შედის სამივლინებო ხარჯები, რბილი ავეჯის ხარჯები, ავტომობილის ხარჯი, ბენზინის ხარჯი და ა.შ. ამითაც კი მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ. ჩვენზე უკეთესი შედეგი აქვს აზერბაიჯანს, ყაზახეთს და სინგაპურს. პრემიერმა თქვა ერთი ფორმალური ტყუილი.
„მეორეს მხრივ, ეს საკითხი მთლიანად შინაარსობრივად არის არსებითი ფაქტების გაყალბება და ტყუილი. სახელფასო ფონდში იგულისხმება ბიუჯეტიდან გადახდილი თანხები. მასში არ შედის ადგილობრივი სიპ-ებისა და ააიპ-ების სახელფასო ფონდი, საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელფასო ფონდი და შრომითი ხელშეკრულებით ანაზღაურებადი სახელფასო ფონდი. ჯამურად 800 მილიონის სახელფასო ფონდის შესახებ ინფორმაცია პრემიერმა დამალა და საზოგადოებას ნორმალურად არ აუხსნა რას გულისხმობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეს კვლევა. ჯამურად ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში - მასწავლებლების, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასის ზრდას თუ არ ჩავთვლით, ყველა დანარჩენ ბიუროკრატიაზე ხელფასის ფონდი 600 მილიონი ლარითაა გაზრდილი და ეს, რა თქმა უნდა, კატასტროფაა. მხოლოდ 2016 წლიდან 28 000-ით არის სახელმწიფო სექტორებში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილი. მათი უმრავლესობა არის პოლიტიკური აქტივი, არის არაპროფესიონალი და საზოგადოებისთვის არაფერს აკეთებს. მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერს თვალი გაუსწოროს რეალობას და მნიშვნელოვნად შეამციროს ეს ხარჯები“, - განაცხადა აბესაძემ.