logo
ENG



აბესაძე თელასზე:ივანიშვილი ქვეყანაში არსებული კაპიტალის ერთ ბიზნესჯგუფში მობილიზებას ახდენს

17 ოქტ 201914:38
3 წუთის საკითხავი
 
tm4rktvyv1fdwrs.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში არსებული კაპიტალის ერთ ბიზნესჯგუფში მობილიზებას ახდენს. 

ამის შესახებ მან „თელასის“ შესაძლო გაყიდვის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა. „ფორმულას“ ინფორმაციას, კომპანიის შესყიდვით, გავლენიანი ბიზნესმენები ხვიჩა მაქაცარია და ვანო ჩხარტიშვილი არიან დაინტერესებული.

„ერთის მხრივ ცხადია, რომ ახალი ინვესტორი ქვეყანაში პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ პრობლემად იქცა ის, რომ ყველა მსხვილი სტრატეგიული ობიექტის შემძენი ხდება ივანიშვილი ან მასთან დაახლოებული ძალიან ვიწრო წრის წარმომადგენელი ბიზნესმენი და ეს ადამიანი მთელი კაპიტალის საკუთარ ბიზნესჯგუფში მობილიზებას ახდენს,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია „ფორმულას“ კითხვებს არ პასუხობს, თუმცა არც უარყოფს, რომ "თელასის" წილის შესყიდვით არის დაინტერესებული. „ფორმულას“ ინფორმაციით, ის მოლაპარაკებებს ერთდროულად ქართულ და რუსულ მხარეებთან აწარმოებს. რამდენიმე დღის წინ მაქაცარია ბაქოში იმყოფებოდა, სადაც ამ თემაზე შეხვედრები გამართა.

ინფორმაციას "თელასის" ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე ჯერ არც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ფლობენ.

"თელასის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ჩიქოვანი „ფორმულასთან“ ამბობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 25% არ იყიდება, თუმცა ჩიქოვანი არ გამორიცხავს, რომ "თელასის" შესყიდვით ხვიჩა მაქაცარია იყოს დაინტერესებული.


close დახურვა