თბილისში აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა. ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გახსნა. გიორგი გახარიამ ქვეყნის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მთავარი ქვეყანაა.
„ჩვენ დღესაც ვხედავთ, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს როლი განახლებული აბრეშუმის გზის ფარგლებში. ჩვენ კვლავაც ვმასპინძლობთ მრავალ ქვეყანას იმისთვის, რომ იმსჯელონ ასეთ ფორმატში,“ - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
საქართველოს როლის შესახებ ისაუბრეს უცხოელმა სტუმრებმაც.
„ძალიან მნიშვნელოვანია იტალიასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები. საქართველო არის დიდი ნაწილი იმ გზის, რომელიც აკავშირებს ამ ორ მხარეს. დღევანდელი ფორუმი არის ძალიან კარგი საშუალება ვისაუბროთ შესაძლებლობებზე და სამომავლო გეგმებზე,“ - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ივან სკალფაიოტომ.
ფორუმის ფარგლებში შეფასებები გაკეთდა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებითაც. აღინიშნა, რომ მის განხორციელებას ელოდებიან აბრეშუმის გზის დერეფანში მდებარე ქვეყნები.
თბილისში 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატია ჩამოსული. ფორუმი 2 დღეს გაგრძელდება.