logo
ENG



აბსანძე საზმაუს ფილმზე: ხელი შეუწყო მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას

06 მაი 202123:40
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/06/0ulrbdgbflu6o7o.jpg

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე ამავე არხზე გასული, დავით გარეჯთან დაკავშირებით გადაღებული დოკუმენტური ფილმის გამო ივერი მელაშვილს ბოდიშს უხდის.

აბსანძე აცხადებს, რომ ფილმმა ივერი მელაშვილისადმი სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

მისივე თქმით, ეთერში გასული მედია პროდუქტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტს ეწინააღმდეგება.

"ამ არხზე, ამავე საეთერო დროს, ოღონდ სხვა დღეს, გავიდა მედია პროდუქტი, რომელმაც ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას. ეს სულ მცირე, რაც შემიძლია შევაფასო მე თვითონ. ეს სულ მცირე ცდება დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტს, რაც ამ გადაცემაში ვიხილეთ. ამიტომ ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერისაც", - აცხადებს აბსანძე.

29 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი "გარეჯის მთის სიმართლე", რომელსაც საზოგადოებაში გამოხმაურება მოყვა. პოლიტიკური მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ დავით გარეჯზე გადაღებული ფილმი პროპაგანდისტულია, რის გამოც არხთან ურთიერთობას წყვეტს.

"კარტოგრაფებზე გაკეთებული პროპაგანდისტული, ადამიანების მოსპობაზე გამიზნული ფილმის მერე ყველანაირ ურთიერთობას ვწყვეტ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. არ მაქვს ჩემ თავზე დიდი წარმოდგენა, რომ ამით რამე დააკლდებათ, მაგრამ მე ღამე უფრო მშვიდად დამეძინება", - აცხადებს ხოშტარია.

 

 


close დახურვა