logo
ENG



აბუსერიძის შემდეგ რეესტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაცია ტყემალაძეს შეუჩერა

17 მარ 202123:41
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/18/guu0910h1t09vjb.jpg

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სოსო ტყემალაძის რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე რეგისტრაცია, პროცედურული დარღვევების გამო, შეაჩერა, მიზეზად კი ის დასახელდა, რომ კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ ტყემალაძის პრეზიდენტად რეგისტრაციასთან ერთად, რეესტრს ახალი წესდების დამტკიცების მოთხოვნითაც მიმართა, მაშინ, როდესაც ახალი წესდების საკითხი ყრილობაზე არ დასმულა. 

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ახალი პრეზიდენტის სოსო ტყემალაძის არჩევნების ხმაურიან ვითარებაში ჩატარება. ტყემალაძის პრეზიდენტად არჩევის დღეს, ექსპოჯორჯიას შენობასთან, ვეტერანი მორაგბის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები, რომელიც აცხადებს, რომ, სინამდვილეში, რაგბის კავშირის პრეზიდენტი თავად არის. 

აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად 30 დეკემბერს მართლაც აირჩიეს, თუმცა მისი კონკურენტის მხრიდან გასაჩივრების შემდეგ მას რეესტრმა რეგისტრაცია შეუჩერა, 10 მარტის არჩევნების შემდეგ კი ახალ პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე დარეგისტრირდა, არჩევნებზე ტყემალაძე ერთადერთი კანდიდატი იყო. 

აბუსერიძე აცხადებს, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობიდან მისი ჩამოშორების მცდელობა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მამასთან და დეპუტატ გია ჭიჭინაძესთან დაპირისპირებას უკავშირდება. 

დღეს კი, კვლავ პროცედურული დარღვევების გამო, რეესტრმა პრეზიდენტად რეგისტრაციის პროცესი ტყემალაძეს შეუჩერა და მას სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოწესრიგებისთვის 30 დღე მისცა. 

 


close დახურვა