პროფკავშირებს და დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკება შედგა. აგრარული ბაზრის ხელმძღვანელობა პროტესტის ფონზე დათანხმდა, რათა მოვაჭრეობის ცნობები მისცეს.
აღნიშნული ცნობები დასაქმებულებს პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კომპენსაციის მისაღებად სჭირდებათ. საუბარია 121 მოვაჭრეზე, რომელიც ორ თვეზე მეტ ხანს შემოსავლის გარეშე იყო დარჩენილი. მოვაჭრეებს რეგისტრაციაში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილზევე ეხმარებიან.
პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მოვაჭრეებისთვის პრობლემას ცნობის გარდა, ინტერნეტის არქონა წარმოადგენდა. პეტრიაშვილის განცხადებით, პირადი მონაცემების საიტზე შეყვანას მოვაჭრეებს პროფკავშირების წარმომადგენლები ეხმარებიან.
„ადმინისტრაციასთან ამ კომუნიკაციამ თქვენმა აქტიურობამ, ჩვენმა აქტიურობამ უზრუნველყო რომ ამ ადამიანებს ყველას დაურიგდათ შესაბამისი ცნობები. როგორც გითხარით ამ ცნობის მოპოვების გარდა სირთულეა ამ სოციუმისთვის ინტერნეტში ატვირთონ ეს ინფორმაცია და პირადი მონაცემები. ახლა ჩვენი კოლეგები აქ არიან და ეხმარებიან რომ ატვირთოს ეს ინფორმაცია და ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან იმ მინიმალური, მაგრამ მაინც დახმარებით და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარებით“,-განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
მოვაჭრეების თქმით, მათ უკვე აქვთ ცნობა, რომ თვითდასაქმებულები არიან და ახლა დახმარებას სახელმწიფოსგან ელოდებიან.
„როგორც იქნა დიდი შრომისა და წვალების შემდეგ, ბაზრის ხელმძღვანელობამ გამოსცა ცნობები, რომ ნამდვილად ამ ტერიტორიაზე ვართ დასაქმებულები და ვეწევით თვით დასაქმებულ შრომას. ოღონდ ეს ცნობა დაგვიჯდა ძალიან დიდი ნერვების და შრომის პატივი. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი პეტრიაშვილს თავის გუნდთან ერთად. ახლა მთავარია სახელმწიფო მოგვცემს თუ არა, ბაზარმა შეასრულა, მოგვცა ცნობა, რომ ნამდვილად აქ ვმუშაობ“,-აცხადებს ჟუჟუნა ახვლედიანი.