გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურა პროტესტს იწვევს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში. ამასთან დაკავშირებით ცენტრის წევრები დღეს თბილისის პროკურატურასთან აქციასაც გამართავენ.
ცენტრის ანალიტიკოსის, ლაზარე ჯიბლაძის თქმით, ისინი ქვეყანაში მიმდინარე გაუმჭვირვალობას გააპროტესტებენ, რომლის შედეგადაც ირაკლი შოთაძეს კვლავ გენერალურ პროკურორად მოიაზრებენ.
„გავაპროტესტებთ მიმდინარე სიტუაციასა და ზოგადად, ამ სისტემაში არსებულ გაუმჭვირვალობას. ჩვენი ვარაუდით, ამ სიაში შოთაძის არსებობა, ნიშნავს, რომ მას კვლავ აირჩევენ. სწორედ ამის გასაპროტესტებლად ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები, დაზარალებულებთან ერთად, გამართავენ აქციას და მოითხოვენ, რომ საპროკურორო საბჭომ არ აირჩიოს შოთაძის კანდიდატურა“, - განაცხადა ჯიბლაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პოზიცია ხორავას საქმის გამო თავად დატოვა. შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გუშინ წარუდგინა.