logo
ENG



ადგილობრივების ცნობით, ქვემო ბარღებში მცხოვრებლები ხანძრის ჩაქრობას ნიჩბებით ცდილობენ

05 იან 202121:38
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/05/fvidpf7d97u1uao.png

აფხაზი ჟურნალისტის ცნობით, გალის რაიონის სოფლებთან ერთად ტყეები იწვის ათონსა და ცანდრიფშში, სადაც, მისი თქმით, რთულად მისადგომი ადგილებია და ამიტომ ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. 

წყარომ ფორმულას განუცხადა, რომ აფხაზეთის ე.წ მთავრობას რუსეთის ფედერაციისთვის დახმარება ამ დრომდე არ უთხოვია. 

პარალელურად, ფორმულას ჟურნალისტს ქვემო ბარღებში მცხოვრებმა განუცხადა, რომ მათთან სახანძრო მანქანები მისვლას ვერ ახერხებენ, რის გამოც მოსახლეობა ნიჩბების გამოყენებით ცდილობს ხანძრის ჩაქრობას. 

ოკუპირებულ გალის რეგიონში უკვე მეორე დღეა ძლიერი ხანძარია. ცეცხლის აქტიური კერა ოკუპირებული გალის რაიონის რამდენიმე სოფელშია.

ადგილობრივები ფორმულასთან საუბარში ყვებიან, რომ ცეცხლი ტყის მასივში გუშინ გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი სოფლებშიც გავრცელდა, ხანძრის შედეგად 10-ზე მეტი საცხოვრებელი სახლია დამწვარი.

ასევე ადგილობრივების თქმით, განადგურებულია სახნავ-სათესები მიწები და თითქმის სრულადაა დამწვარი თხილის პლანტაციები.

ხანძრის ქრობის პროცესს ხელს უშლის ძლიერი ქარი, ასევე ხანძრისა და ძლიერი ქარის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ საოკუპაციო რეჟიმს გალში არსებული ხანძრის გამო დახმარებაზე სრული მზადყოფნა გამოუცხადა. 

"ოკუპირებული გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს, დილიდან რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. 

ამ მიზნით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით". – ვკითხულობთ სუს-ის განცადებაში

ამ დროისთვის უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა, ხანძრის გავრცელების ფართობი და ზუსტი მასშტაბი.

 


close დახურვა