ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაური ადვოკატები ამბობენ, რომ ყოფილი სპორტსმენი და პარლამენტის დეპუტატი სროლის დროს აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა. ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი აღნიშნავს, რომ ზვიადაური თავდამსხმელებს არ იცნობდა და წინანდლის ტყეში ძმის დასახმარებლად ავიდა.
რაც შეეხება იარაღს, მურმანიშვილი განმარტავს, რომ ზვიადაური მას მართლზომიერად ატარებს, როგორც ყოფილი პარლამენტარი.
"მისი მოქმედება იყო დროული და მას რომ არ ემოქმედა, მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო და შეიძლება გარდაცვლილიც იყოს", - ამბობს ადვოკატი.
სისხლიანი გარჩევები ზვიადაურებსა და სხვა ჯგუფს შორის 16 აგვისტოს დაიწყო, როცა სოფელ წინანდალში ზვიად ზვიადაურის თანმხლებმა ვასილ ცოცხალაშვილმა იარაღიდან ცეცხლი გახსნა.
მას ცეცხლითვე უპასუხა ნიკა კენჭოშვილმა. კენჭოშვილის სროლის შედეგად ოთხი პირი: ვასილ ცოცხალაშვილი, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზ.მ. და ა.შ. დაიჭრა.
მიღებული დაზიანებებით ვასილ ცოცხალაშვილი და ზურაბ ზვიადაურის ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
შსს ასევე აცხადებს, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა ზურაბ ზვიადაურმა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ნიკა კენჭოშვილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ზურაბ ზვიადაური განზრახ მკვლელობის ბრალდებით 17 აგვისტოს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა კაცი, რომელმაც მანამდე მისი ძმა, ზვიად ზვიადაური მოკლა.
რაც შეეხება ჯაბა ჯანგირაშვილს, ის ზვიადაურების ოჯახის ახლო ნათესავია და როგორც შსს აცხადებს, ზურაბ ზვიადაურმა სწორედ ჯანგირაშვილის ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. სამართალდამცავები ჯანგირაშვილს იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვას ედავებიან, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.