თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის სასამართლო პროცესია დანიშნული. სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს, რის შემდეგაც, შესაძლოა, დაკითხვაც დაიწყოს. გვარამიას საქმეზე მოსამართლე არევაძის ჩამოშორების გამო, 30 იანვარს საქმის ხელახალი არსებითი განხილვა დაიწყო.
გვარამიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილის თქმით, შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმაც გიგი უგულავას ბედი გაიზიაროს.
„გაგრძელდება ნიკა გვარამიას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში. დაცვის მხარე წარმოთქვამს შესავალ სიტყვებს და მერე, იმის და მიხედვით რა დრო დასჭირდება ამ პროცესს, არ არის გამორიცხული, მოწმეების დაკითხვის ეტაპზეც გადავიდეთ.
ჩვენ, სამწუხაროდ, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ გვაქვს. არ გამოვრიცხავ, რომ ნიკა გვარამიას მიმართაც მსგავსი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველას ნაცვლად ბიძინა ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გვარამიას უფლებადამცველმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ნიკა გვარამიას „რუსთავი 2"-ის ქონების გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.