ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ საუბრის მთავარი თემა მისი გათავისუფლების საკითხი იქნება. ერთ-ერთ სამართლებრივ გზად კი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალება განიხილება. მიუხედავად ზურაბიშვილის მიერ დაფიქსირებული პოზიციისა, ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ შეიცვალოს.
"გვექნება საუბარი მისი გათავისუფლების სამართლებრივ გზებზე... პირველ რიგში, ყველაზე ეფექტური გზა არის სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება...სამწუხაროდ მან დაასწრო მოვლენებს, ოღონდ ეს იყო წინასაარჩევნოდ, ოცნების ამომრჩევლების მობილიზაციისთვის გაკეთებული განცხადება, რომ მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეცედენტები, როდესაც პოლიტიკურ საქმეებზე მიუხედავად მის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებებისა, მან მიიღო პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლების საკითხზე [გადაწყვეტილება]" - თქვა ბექა ბასიალაიამ.
სალომე ზურაბიშვილმა 1-ლ ოქტომბერს განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის შეწყალებას არ აპირებს.
მიხეილ სააკაშვილი მე-15 დღეა შიმშილობს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ლ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაკავების შემდეგ დაიწყო.