განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ზვიადაური ადვოკატმა მოინახულა.
შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა, მაგდა კოტრიკაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზვიადაური და საქმეში ბრალდებული კიდევ ერთი ადამიანი, ჯაბა ჯანგირაშვილი დუმილის უფლებას იყენებენ.
მაგდა კოტრიკაძის თქმით, დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ.
"ბუნებრივია დეტალები გაინტერესებთ, მაგრამ დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია სწორად მაშინ, როდესაც სრულად არაა გამოკითხული მოწმეები. ბრალს ხვალ წარუდგენენ. ამ ეტაპზე ორივე ბრალდებული იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. რაც შეეხება საქმის დეტალებს, ვერ მოგახსენებთ, ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება". - ამბობს ადვოკატი.
ზურაბ ზვიადაური განზრახ მკვლელობის ბრალდებით დღეს, 17 აგვისტოს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა კაცი, რომელმაც მანამდე მისი ძმა, ზვიად ზვიადაური მოკლა.
რაც შეეხება ჯაბა ჯანგირაშვილს, ის ზვიადაურების ოჯახის ახლო ნათესავია და როგორც შსს აცხადებს, ზურაბ ზვიადაურმა სწორედ ჯანგირაშვილის ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. სამართალდამცავები ჯანგირაშვილს იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვას ედავებიან, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.
სისხლიანი გარჩევები ზვიადაურებსა და სხვა ჯგუფს შორის გუშინ, 16 აგვისტოს დაიწყო, როცა სოფელ წინანდალში ზვიად ზვიადაურის თანმხლებმა ვასილ ცოცხალაშვილმა იარაღიდან ცეცხლი გახსნა.
მას ცეცხლითვე უპასუხა ნიკა კენჭოშვილმა. კენჭოშვილის სროლის შედეგად ოთხი პირი: ვასილ ცოცხალაშვილი, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზ.მ. და ა.შ. დაიჭრა.
მიღებული დაზიანებებით ვასილ ცოცხალაშვილი და ზურაბ ზვიადაურის ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
შსს ასევე აცხადებს, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა ზურაბ ზვიადაურმა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ნიკა კენჭოშვილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.