საიას იურისტის რეზო აჭარაძის ინფორმაციით, 15 წლის ლუკა სირაძეს, პოლიციის განყოფილებაში, ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ.
როგორც ადვოკატი რევაზ აჭარაძე აღნიშნავს, აღნიშნული მოზარდის დედისა და „მწვანე სკოლის“ უსაფრთხოების სამსახურის ჩვენებებიდან ირკვევა.
„როგორც დედა განმარტავს, მის შვილს ემუქრებოდნენ, ძმისთვის პრობლემების შექმნით. ასევე „მწვანე სკოლის“ უსაფრთხოების მენეჯერი ამბობს, რომ ლუკას დაახლოებით 3-4 პოლიციელი ეუბნებოდა, რომ მის ძმას სასწავლებელში შეექმნებოდა პრობლემები. დაკითხვაზე იყო ორი პირი და ორივე ამბობს ამას, ეს არის პირდაპირი ჩვენება. გარდა ამისა, მოხდა მოსწავლეების დაპირისპირება, რამაც დათრგუნა ორივე ბავშვი“, - აცხადებს ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატი რევაზ აჭარაძე.
ცნობისთვის, 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
სხდომა 18:00 საათზეა დანიშნული. ჯერჯერობით უცნობია სად გაიმართება სასამართლო პროცესი, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჩოლოიანი საავადმყოფოში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის რამდენიმე დღეში იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.