პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების წევრს ნიკა მოსიაშვილს ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ინფორმაციას მისი ადვოკატი ვახტანგ ბარამიშვილი ავრცელებს.
ადვოკატის ცნობით, მოსიაშვილი შაბათამდე იქნება ჰოსპიტალიზებული.
პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების წევრები ნიკა მოსიაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე 7 მარტს მშვიდობიან აქციაზე დააკავეს. 8 მარტს ჯაფარიძის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა - მას დაკავების შემდეგაც სცემეს.
აქციაზე დაკავებულები მოინახულა სახალხო დამცველმაც. ლევან იოსელიანის თქმით, დაკავებულებს შორის ყველაზე სერიოზული დაზიანებები ვიზუალურად ჯაფარიძეს აქვს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯაფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ჯამში, ბოლო ორ დღეში მშვიდობიან აქციაზე 133 ადამიანი დააკავა.
ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო და ხვალ, 10 მარტს გაიმართება.