მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია, იუსტიციის მინისტრის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ექსპრეზიდენტი ციხეში გარკვეული ტიპის საკვებს იღებს, ამორალურს უწოდებს და ირწმუნება, რომ სააკაშვილს შიმშილობა გასული 37 დღის განმავლობაში არ დაურღვევია.
ბასილაიას თქმით, ექსპრეზიდენტი მიმართავს კლასიკური შიმშილობის ფორმას და მას არცერთ ეტაპზე, არათუ საკვები, ექიმის დანიშნულების მიღმა მედიკამენტებიც კი არ მიუღია.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და შიმშილობა მას არცერთი დღით, არცერთი წუთით არ დაურღვევია და მიხეილ სააკაშვილს არცერთი, იქნებოდა ეს ვიტამინი თუ რაღაც მედიკამენტი არ მიუღია ექიმის დანიშნულების მიღმა არცერთ ეტაპზე. ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ არანაირი საკვები არ მიუღია და ეს არის შიმშილობის კლასიკური ფორმა და თუ შევხედავთ შიმშილობის ისტორია, ასე ხდება შიმშილობა და არა სხვაგვარად", - განაცხადა ბექა ბასილაიამ ფორმულასთან ინტერვიუში.
სააკაშვილის ადვოკატი ასევე ამბობს, რომ პერიოდულად ექსპრეზიდენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება და საჭირო ხდება არა მხოლოდ პრევენციული ზომების მიღება, არამედ პირდაპირი სამედიცინო ჩარევა. ბასილაიას განცხადებით, არაერთხელ გახდა საჭირო ციხეში სხვადასხვა დარგის სპეციალისტის შეყვანა, რადგან პენიტენციურ დაწესებულებას შესაბამისი სამედიცინო პერსონალი არ ჰყავს.
"ამ ყველაფრის ფონზე იუსტიციის მინისტრის ეს განცხადება არის სრულიად ამორალური და არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც ღარიბაშვილმა წამოიწყო. თვითმკვლელობისკენ პირდაპირ მოწოდება კი არა, ეს უკვე მკვლელობის მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან", - ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა.
ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 37-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.