logo
ENG



ადვოკატი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების მიხედვით, რურუას პატიმრობა არაკონსტიტუციურია

26 დეკ 202017:11
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი რურუას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს 25 დეკემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გიორგი რურუას პატიმრობა არაკონსტიტუციურია. 

საქმე EMC-ის მიერ მომზადებულ სარჩელს ეხება - "გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", რომლის განხილვის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. 

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების შეფასებისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ ჩხრეკის ჩატარების მომენტისთვის არსებული ვითარება და ჩხრეკის შედეგს არ უნდა მიენიჭოს მნიშვნელობა.

  • საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ვრცლად წაიკითეთ აქ.

დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება პირდაპირ ეხება გიორგი რურუას საქმეს.

"იმიტომ რომ გიორგი რურუა გაჩხრიკეს ვითომ ინფორმატორის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, რაზეც სასამართლომ თქვა, რომ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი პირის ჩხრეკისთვის და ასევე, სასამართლომ თქვა, რომ როცა პოლიციელები პირს ჩხრეკენ, მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ნეიტრალური და ობიექტური გადაწყვეტილება შეიქმნას. 

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ გიორგი რურუას პატიმრობა არის არაკონსტიტუციური, მაგრამ მე არ მაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილების შემდეგ მიიღებს გამამართლებელ განაჩენს გიორგი რურუასთან მიმართებაში". - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს, საპროტესტო აქციის სპეცრაზმით დაშლამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. ადვოკატი ამტკიცებს, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს და ეს ექსპერტიზის დასკვნებმაც დაადასტურა - მის ტანსაცმელზე მეტალის კვალი არ აღმოჩნდა, "ამოღებულ" იარაღზე კი - თითის ანაბეჭდები. 

2020 წლის 15 ივლისის სასამართლო პროცესზე რურუამ დაკავების ღამე გაიხსენა და თქვა, რომ პოლიციელებმა მას არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის შესაძლებლობა, უკანონოდ აუღეს დნმ და გაჩხრიკეს. "დაუძახეს და შემოვიდა, იასამნისფერი სვიტრი რომელსაც ეცვა, ის პოლიციელი და დაიწყო ჩემი ჩხრეკა. რეალური ჩხრეკა დაიწყო მანდ". – თქვა მან. სწორედ ამ ჩხრეკის შედეგად "აღმოუჩინეს" რურუას იარაღი, რომელიც მისთვის ჯერ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების, შემდეგ კი 4 წლით პატიმრობის მისჯის საფუძველი აღმოჩნდა.


close დახურვა