logo
ENG



ადვოკატი: სასამართლოდან დამირეკეს, მოითხოვენ, სააკაშვილი სასამართლო დარბაზში გადაიყვანონ

09 ნოე 202112:56
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელმა დაურეკა და შეატყობინა, რომ გაკეთდება მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანის შესახებ. 

ბასილაიას თქმით, ახლა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ვალდებულები არიან, სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ. 

6 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო მკაცრ რეკომენდაციას იძლევა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს გამო ციხის ტერიტორია არ დატოვოს.

ბექა ბასილაიამ თქვა:  

"დამიკავშირდა საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე გააკეთებენ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით. 

შესაბამისად, სასამართლომ თქვა, რომ სასამართლო პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში. 

ხვალ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ცდილობს, მხოლოდ კრიმინალის ხელით, თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რაც ქართველ ხალხშია. 

არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი, ხვალინდელი პროცესის სასამართლოში არგამართვასთან და მიხეილ სააკაშვილის არგადაყვანასთან დაკავშირებით არ არსებობს". - თქვა ადვოკატმა.

საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეზე ედავება. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

სასამართლო პროცესი 10 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. 

საქმეს მოსამართლე ნინო ელეიშვილი განიხილავს. 

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.

ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ ექსპრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, ვინაიდან ციხის საავადმყოფოში არ არის საკმარისი აღჭურვილობა, ამასთან, მისი უსაფრთხოებაც არ იქნებოდა დაცული. გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფო შეამოწმა ომბუდსმენმაც და დაასკვნა, რომ აქ არ იყო პირობები პაციენტის მოსათავსებლად. 

მიუხედავად ამისა, 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მაინც გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პეიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი თავის ნივთებს ალაგებს და ციხის თანამშრომლებს თავისი ნებით მიყვება. უწყება ამტკიცებდა, რომ მისი გადაყვანა არ მომხდარა ძალადობრივად. თუმცა, ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთში სააკაშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მას მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ. 

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უარი თქვა მანქანიდან გადასვლაზე, გადაათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გაათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.

გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფოში ექსპრეზიდენტს პატიმრებმა ე.წ შუმოკი მოუწყვეს - მას ერთხმად აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. 

 


close დახურვა