logo
ENG



ადვოკატი - ხელისუფლებამ კახა მურადაშვილს რურუასთვის იარაღის ჩადება დაუფასა და დააწინაურა

10 ივნ 202017:27
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი დასრულდა. დღეს ბრალდების ერთი მოწმე, კახა მურადაშვილი დაკითხეს. ის ერთ-ერთი სამმართველოს ყოფილი უფროსია, რომელიც რურუას დაკავების შემდეგ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

რურუას ადვოკატები ამბობენ, რომ მურადაშვილი მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის წინააღმდეგ წარმოებული საქმის გამო დააწინაურეს, რასაც თავად მურადაშვილი უარყოფს.

„კახა მურადაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ჩვენ გავაჟღერეთ ინფორმაცია გიორგი რურუასგან დნმ-ის ნიმუშის უკანონოდ აღების შესახებ და ვკითხეთ, რა გააკეთა ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად. მან თქვა, რომ ეს ინფორმაცია მიიჩნია სულელურად და ერთადერთი რაც გააკეთა, თავად იმ პირებს, რომლებმაც უკანონოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში გიორგი რურუას და ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი, მათ ჰკითხა და მათი პასუხიდან გამომდინარე აღარ ჩათვალა დამატებით საჭიროდ სხვადასხვა მოქმედებების განხორციელება. მას შემდეგ კახა მურადაშვილი დაწინაურდა და ის დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მოადგილედ. ბუნებრივია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ დაუფასა პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, გიორგი რურუასთვის იარაღის ჩადება და მისი საპატიმროში გამოკეტვა“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორმა აღნიშნა, რომ მურადაშვილი მხოლოდ ერთ საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობდა და მას კითხვები დღეს სწორედ ამ საკითხზე დაუსვეს.

„აღნიშნული პირი არ მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში. მხოლოდ ერთადერთ საპროცესო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, ეს იყო ნერწყვის ნიმუშის აღება, როდესაც გიორგი რურუამ ნებაყოფლობით მისცა ნერწყვის ნიმუში და ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ინფორმაცია, რომ ნამდვილად, გიორგი რურუამ ნებაყოფლობით წარუდგინა გამოძიებას მისი ნიმუში“, - განაცხადა პროკურორმა ვასილ სამხარაძე.

გიორგი რურუას საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ განახლდება. მას გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.


close დახურვა