logo
ENG



ადვოკატი აცხადებს, რომ დეკანოზ მამალაძის მოსანახულებლად რამდენიმე თვეა, ციხეში არ უშვებენ

20 მაი 202109:31
3 წუთის საკითხავი
 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მსჯავრდებულის მოსანახულებლად რამდენიმე თვეა პენიტენციურ დაწესებულებაში არ უშვებენ. მამალაძის ინტერესების დამცველმა ციხის დირექტორს წერილით უკვე მიმართა. 

"არ მეძლევა მასთან შესვლისა და მონახულების უფლება. პასუხი არის ძალიან შაბლონური, რომ თითქოსდა არ არის ადგილი. მივმართავ, რათა დაუყოვნებლივ განიხილონ ჩემი სამართლებრივი წერილი", - ამბობს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

დეკანოზის ძმას თორნიკე მამალაძეს მიაჩნია, რომ პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს მიზანმიმართულად ხდება. 

"სახელმწიფოში ორ დიდ ინსტიტუციას, ერთის მხრივ, საპატრიარქოს და მეორეს მხრივ, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვთ ჩემი ძმის განადგურება. საპატრიარქო დღემდე სასულირო პირებს უფლებას არ აძლევს ჩემს ძმასთან შევიდნენ, ელემენტარულად, აღსარება და ზიარება მისცეს. მეორეს მხრივ, სახეზეა სახელმწიფოს მხრიდან ადვოკატის არშეშვება" - ამბობს დეკანოზის ძმა. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის 2017 წელს, თბილისის აეროპორტში დააკავეს.

თავდაპირველად იყო ვერსია, თითქოს დეკანოზი მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ განაცხადა, რომ სასულიერო პირს თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


close დახურვა