logo
ENG



ადვოკატის თქმით, აქციაზე დაკავებულებს, შესაძლოა, არაადამიანურად ექცევიან

19 ნოე 201920:05
3 წუთის საკითხავი
 
0l3taalfs6ne98f.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეცრაზმელების მიერ აქციის დარბევის დროს დაკავებულ 37 პირს ასამართლებენ. საპროტესტო აქციის 37 მონაწილეს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება. ყველა საქმე ერთ მოსამართლეს აწერია, რომელმაც დღეს შერჩევითი მიდგომები უკვე გამოავლინა, მან არ მისცა დრო ადვოკატებს  მედია საშუალებით გავრცელებული  ვიდეო მტკიცებულებების შესაგროვებლად, თუმცა ბრალდებას ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა. სხდომა დღეს არაერთხელ გადაიდო, მათ შორის 90-იანი წლების პრაქტიკის მსგავსად, რამდენჯერმე უშუქობის გამო. 

დაკავებულების ადვოკატი ედუარდ მამრიკიშვილი აცხადებს, რომ შეიძლება, დაკავებულებს არაადამიანურად ეპყრობიან.

„უჭმელი-უსმელი ყოფნა 24 საათის განმავლობაში შეიძლება მიანიშნებდეს იმას, რომ მათ მიმართ გარკვეული არაადამიანური მოპყრობა ხორციელდება. მეორეა ის, რომ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი არ იყენებს საშუალებას, რომ გაუშვას დაკავებულები და გადადოს სასამართლო სხდომა. აქაც არის ერთგვარი მოლოდინი იმის, რომ შეიძლება ვერ გაუგიათ რა გადაწყვეტილება გამოიტანონ," - აცხადებს მამრიკიშვილი.

აქციის დაშლის შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევის ბრალდებით დააკავეს „მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, გიორგი რურუას აღმოუჩინეს ცეცხსასროლი იარაღი. ჯერჯერობით რურუასთვის ბრალი არ წარუდგენიათ. ბრალის წარსადგენად პროკურატურას 20 ნოემბრის 13:00 საათამდე აქვს დრო. მისი ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ რურუას ჩხრეკა არ ჩაუტარეს ისე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, რურუას იძულებით აუღეს დნმ, რათა გადაიტანონ ცეცხსასროლ იარაღზე. 


close დახურვა