უფლებადამცველ ნათია ჩხეტიანის თქმით, გეგუთის ციხეში 90 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მისივე თქმით, ვირუსი გავრცელებულია სხვა ციხეებშიც.
"90 პატიმარს დაუდასტურდა კორონავირუსი, რაც შეეხება ქუთაისის მეორე დაწესებულებას, იქაც გავრცელებულია. მე პირადად, ბრალდებულმა ორი დღის წინ მითხრა, რომ დაუდასტურდა და ცუდად იყო. ძალიან რომ მოინდომონ, ფიზიკურად ვეღარ გადაიყვანენ პატიმრებს, ამდენი ადგილი არსად არ იქნება და უწევთ გარისკვა, მათი სიცოცხლის ხარჯზე" - ადვოკატი ნათია ჩხეტიანი.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ გარდა მსჯავრდებული და ბრალდებული ადამიანებისა, ინფიცირებული არიან ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც.
"იქ მყოფი პირები, ბრალდებულები, მსჯავრდებულები, დაკავებული პირები, ყველა არის ცუდ მდგომარეობაში, მათ არავითარი სამედიცინო დახმარება არ აქვთ. იმიტომ კი არა, რომ აღმოჩენა არ ხდება, უბრალოდ დაწესებულების თანამშრომლები ვერ გაწვდებიან არსებულ მდგომარეობას. უკვე თანამშრომლებიც აღარ არიან, თვითონ თანამშრომლები აცხადებენ, რომ მაგალითისთვის, 10 თანამშრომლის ადგილზე, ორი თანამშრომელია", - ადვოკატი დალი სულაქველიძე.
ციხეებში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ფორმულამ ინფორმაცია 8 თებერვალს გაავრცელა.
პატიმრების ოჯახის წევრები ფორმულასთან საუბრისას ამბობდნენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდაფეთქებაა და პატიმრებს გაუსაძლის პირობებში, სამედიცინო მომსახურების გარეშე უწევთ ყოფნა.
აღნიშნულ ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურში უარყოფენ და ამტკციებენ, რომ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,6%-ია ინფიცირებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.