უკრაინელი სამხედროს თქმით, დონბასში, სევეროდონეცკში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინული მხარე ქალაქის დაცვას ცდილობს.
სამხედროს ინფორმაციით, სევეროდონეცკში სახლების 90% დაზიანებულია.
სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტრიუკის თქმით, "ქალაქი რუსეთის სასტიკ თავდასხმებს მთელი ღამის განმავლობაში იგერიებდა". მისივე განცხადებით, რუსული მხარე შეტევას აგრძელებს.
"გუშინ ბრძოლა ქალაქის შესასვლელში გაიმართა. ჩვენმა სამხედროებმა შეძლეს ორკების ჯგუფის მოგერიება, რომლებიც ქალაქში შეჭრას ცდილობდნენ. სევეროდონეცკი სასტიკ დაცვაშია. მტერი ქალაქის ორ მესამედზეა განლაგებული, თუმცა, ქალაქი ალყაში არ არის. ისინი გარეუბნებში არიან და ქალაქის აღებას სამი მხრიდან ცდილობენ". - განაცხადა სტრიუკმა.
მისივე თქმით, ქალაქში ყველაფერი ინგრევა.
"ბომბავენ აზოტის ქარხანას. დაღუპულია არაერთი რიგითი მოქალაქე და ქარხნის თანამშრომელი. სახლების 90% დაზიანებულია. 60%-ს ხელახლა აშენება დასჭირდება". - ამბობს სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე.
ოლექსანდრ სტრიუკი ამბობს, რომ მტერს არ აქვს რიცხობრივი უპირატესობა, მაგრამ აქვს უფრო მძიმე იარაღი. სწორედ ამიტომ, უკრაინელებს იარაღით დახმარება სჭირდებათ.