პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილე 84-ვე დეპუტატმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ სამი მუხლის გამკაცრებას დაუჭირა მხარი, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებს აკავებს.
რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. გარდა ამისა, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ფინანსური სანქციები.
ცვლილებები შევა სამ მუხლში: 166-ე, 173-ე და 247-ე.
- 116-ე მუხლში მხარდაჭერილი ცვლილებით, განმეორებით წვრილმან ხულიგნობაზე იზრდება ჯარიმა 1500-დან 2000 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი 7-დან 15 დღემდე.
- 173-ე მუხლში შესატანი ცვლილებით, სამართალდამცველის მიმართ ერთხელ დაუმორჩილებლოსა და მის სიტყვიერ ან სხვაგვარი შეურაცხყოფაზე ჯარიმა 2000-დან 3000 ლარამდე იზრდება, ადმინისტრაციული პატიმრობა კი - 15 დღემდე ვადით.
ამავე ქმედების ხელმეორედ ჩადენაზე, ჯარიმა იზრდება 3 500-დან 4 500 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობა კი 10-დან 15 დღემდე.
- 247-ე მუხლში შესატანი ცვლილებებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაკავებული პირი, ვალდებული იქნება სასამართლოში გამოცხადეს პირველი შესაძლებლობისთანავე, არაუგვიანეს 24 საათისა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები ცვლილებებს საგანგაშოდ მიიჩნევენ, მათი შეფასებით, მიღებული ცვლილებები რეპრესიული მიზნებით შემუშავდა.
კანონპროექტის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილია.
ინიციატორები არიან: დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი.