logo
ENG



აეკრძალოთ რუსულ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა - ლელოს ინიციატივა

24 ნოე 202311:19
3 წუთის საკითხავი
 

პარტია ლელო საქართველოსთვის გამოდის ინიციატივით, რომ რუსულ კომპანიებს და კომპანიებს, რომელთა დამფუძნებლებიც რუსები არიან აეკრძალოთ საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღება.

ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ლელო საქართველოსთვის წევრმა თაზო დათუნაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ინიციატივის მიზანია, რომ "საქართველო არ იყოს აღქმული, როგორც სანქციებისთვის გვერდის ავლის ქვეყანა".

"ქართული ოცნება შემჩნეულია ხშირად რუსულ ბიზნესთან თანამშრომლობაში და მჭიდრო კავშირში, რადგან მათი ოლიგარქი ლიდერი აგრეთვე ის კაცია, რომელმაც თავისი კაპიტალი რუსეთში დააგროვა. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნება შემჩნეულია მჭიდრო კავშირში რუსულ ბიზნესთან, შემოგვაქვს ინიციატივა, რომ იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს აღქმული, როგორც სანქციებისათვის გვერდის ავლის ქვეყანა, საქართველო არ იყოს აღქმული, როგორც ფულის კეთების ადგილი რუსებისთვის, ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით, რომ რუსულ კომპანიებს და იმ კომპანიებს, რომელთა დამფუძნებლების უმრავლესობა რუსები არიან, აეკრძალოთ საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღება. საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფული არ უნდა მიდიოდეს რუსულ ჯიბეში, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა ფული უნდა რჩებოდეს ქართულ ბიზნესში, საქართველოში და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ემსახურებოდეს ომის ფინანსირებას რუსეთში და ათას სხვა ბოროტებას, რომელსაც პუტინის რეჟიმი ახორციელებს", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

20 ნოემბერს პარტია ლელომ 9-პუნქტიანი გეგმა დააანონსა. როგორც ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა, "საქართველოს დაცვის აქტის" მიზანი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვაა.

ლელოს მიერ წარმოდგენილ გეგმაში, მათ შორის, შედის შემდეგი ნაბიჯები: რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების აკრძალვა; რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა; რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება; რუსეთთან ფრენების აკრძალვა; რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა; რუსული ფონდების აკრძალვა.


close დახურვა