logo
ENG



ავერსის კლინიკიდან პატიმრების გაქცევის ფაქტზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარედგინა

03 ნოე 202310:50
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურის ინფორმაციით, ავერსის კლინიკიდან პატიმრების ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარედგინა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საბადრაგო ჯგუფის უფროსმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები.

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე ავერსის კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები. აღნიშნულით ისარგებლა სამმა მსჯავრდებულმა, რომლებმაც ღია კარებებიდან დაუბრკოლებლად დატოვეს სატრანსპორტო საშუალება და მიიმალნენ", - აცხადებენ პროკურატურაში.

პოლიციამ საბადრაგო ჯგუფის უფროსი 2 ნოემბერს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა.

"პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აცხადებენ პროკურატურაში.

***

1 ნოემბერს, თბილისში, ავერსის ერთ-ერთი კლინიკიდან გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. ინფორმაცია ფორმულას ავერსის კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, პატიმრები ბადრაგებს ჰყავდათ, რა დროსაც ისინი გაიქცნენ. 2 ნოემბერს გაქცეული სამივე პატიმარი დააკავეს. 

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თავდაპირველად გაქცეულ პატიმრებს პოლიციისთვის ჩაბარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "საშიში არაფერია" და მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება. მან უარყო ინფორმაცია ბადრაგის გატაცების შესახებ და თქვა, რომ ყველაფერს აკეთებენ გაქცეული პატიმრების დასაკავებლად. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა