აჭარის პოლიციის უფროსს, ავთანდილ გალდავას შანტაჟში, მუქარასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.
დოლაბერიძეების ოჯახი და მათი ადვოკატი ამტკიცებს, რომ გალდავა ხვიჩა დოლაბერიძეს ჯერ დაემუქრა, შემდეგ კი მას ნარკოტიკი ჩაუდეს.
ხვიჩა დოლაბერიძე 5 აგვისტოს თბილისში, იმ სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს, სადაც ავთანდილ გალდავა წლების განმავლობაში მუშაობდა.
ოჯახი ამბობს, რომ ხვიჩა დოლაბერიძის ძმას დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ავთანდილ გალდავა შეხვდა და მოსთხოვა, მის ძმას ქვეყანა დაეტოვებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში "შესაბამისი ზომების მიღებით" დაემუქრა.
ოჯახი ამტკიცებს, რომ დოლაბერიძეს პოლიციასთან თანამშრომლობას სთხოვენ, რაზეც დაკავებული უარს ეუბნებოდა.
"გალდავას ეჭვი ჰქონდა, რომ დოლაბერიძეს არასასურველ და საეჭვო პიროვნებებთან ჰქონდა ურთიერთობა. მოგეხსენებათ, ყველას ვიღაცასთან ყავს ურთიერთობა, გვაკავშირებს ახლობლობა, ნაცნობობა. ეს არ ნიშნავს, რომ თუ ვინმე ჩვენს გარემოცვაში არის კრიმინალი, ჩვენც ჩავდივართ დანაშაულს". - ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.
"თბილისში გადასვლიდან 1 კვირაში დააკავეს. თვითონ ყვიროდა და ეხვეწებოდა, კამერები ჩართეთ და ისე გამჩხრიკეთო. არ ჩართეს კამერები. არ არის ეს ჩემი [ნარკოტიკი] და ნუ მიდებთო, მაგრამ არაფერი გამოვიდა". - ამბობს დაკავებულის ცოლი, ანა ნაკაშიძე.
თავად ავთანდილ გალდავას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს დოლაბერიძის საქმეზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ხვიჩა დოლაბერიძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (ნარკოტიკის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.