logo
ENG



ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა

17 ივლ 202010:13
3 წუთის საკითხავი
clock 364
tt5n8etxb30ektp.png

ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სამხედროები გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით სამშობლოში დღეს ჩამოიყვანეს.

„10 ივლისს გადმოყვანილი 28 სამხედრო მოსამსახურიდან 8 გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფექცია გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ინფიცირების წყარო იგივე კლასტერს - ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება.

ამ დროისთვის, ავღანეთში ჩატარებული შესაბამისი კვლევებით სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს „კოვიდ-19“ არ უდასტურდებათ. სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოში ჩამოფრენამდე, ნატო-ს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში. სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით მაღალ დონეზე შეაფასა. ავღანეთში დარჩენილი ქართული კონტინგენტის ნაწილი, რომელიც როტაციის წესით საქართველოში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება, დადგენილი წესის შესაბამისად 2-კვირიან კარანტინს გაივლის. აღსანიშნავია, რომ მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელების დრო დამოკიდებულია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავღანეთში მყოფ სამხედროებს კორონავირუსი დაუდგინდათ. ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურეს ტესტირებისას კოვიდვირუსი 10 ივლისსაც დაუდასტურდა.


close დახურვა