logo
ENG



ავღანეთში წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა

12 დეკ 201919:45
3 წუთის საკითხავი
 
6dwlv574pmtemem.png

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას. სწრაფი რეაგირების ქართულმა ქვედანაყოფმა ლოკალურ წერტილზე მოწინააღმდეგის ბლოკირება მოახდინა. მე-12 ბატალიონის მეთაურის ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების დროული მისვლით და ბლოკირებით, მოწინააღმდეგემ თავისი მიზნის შესრულება ვერ განახორციელა.

კოალიციური ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 9, ხოლო დაკავებულია ერთი ტერორისტი. ამ ეტაპისთვის სამხედრო ბაზაზე მდგომარეობა სრულად კონტროლირებადია. ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან. ისინი კვლავ აგრძელებენ დაკისრებული ამოცანების შესრულებას. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტული თავდასხმა გუშინ განხორციელდა, რის შედეგადაც მსუბუქად დაშავდა 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე. მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა და ხუთივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი ავღანეთში მიმდინარე მისიის ფარგლებში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას ნოემბრიდან ასრულებს.


close დახურვა