logo
ENG



აზარაშვილი: რასაკვირველია, პრემიერი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია, რომ იყოს

14 თებ 202214:50
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ვაქცინაციას ეხებოდა და აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილი ანტივაქსერი არ არის. 

აზარაშვილი პრემიერის ანტივაქსერობას იმით ხსნის, რომ ღარიბაშვილი, მისი მტკიცებით ვაქცინაციის კამპანიაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული. 

"რასაკვირველია, პრემიერი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია, რომ იყოს გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს 2 ვაქცინაცია გაკეთებული. ის ძალიან აქტიურად იყო, პირიქით, ჩართული ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში, ასევე, იმ სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელზე ზევით ჩვენს თანამოქალაქეებზე გავაკეთეთ 200-ლარიანი დანამატი, ასევე, 100-ლარიანი ბუსტერ დოზის შემთხვევაში, აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ ანტივაქსერია თუ არ არის, ფიქრობ, რომ არასწორია", - აღნიშნა აზარაშვილმა

დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინა უმეტესად არ მუშაობს, ამის მაგალითი კი თვითონაა - აიცრა, თუმცა მაინც დაემართა. მან ეს ანტივაქსერული განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

***

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აცრა სინოფარმის, სინოვაკის და ფაიზერის ვაქცინებითაა შესაძლებელი. ფაიზერით ვაქცინაცია დასაშვებია 12 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

კორონავირუსზე აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან. 

ასევე, მასობრივად აცრის შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გადადების ჯაჭვი. 

აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე. 

აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, რეგისტრაციის გარეშე. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად:

  • დადასტურებულ შემთხვევათა 88.7% არ იყო ვაქცინირებული;
  • ჰოსპიტალიზირებულთა 93.6% არ იყო ვაქცინირებული;
  • კრიტიკული მოვლის საჭიროების მქონეთა 96% არ იყო ვაქცინირებული;
  • გარდაცვლილთა 96.2% არ იყო ვაქცინირებული.

მონაცემები მოცემულია 2021 წლის 15 მარტიდან-31 დეკემბრის ჩათვლით.

 

 
 
 

 

 

 

 


close დახურვა