logo
ENG



აზარტული თამაშების რეკლამირება მარტიდან აიკრძალება

17 დეკ 202113:26
3 წუთის საკითხავი
 

აზარტული თამაშების რეკლამირება 2022 წლის მარტიდან აიკრძალება. აქამდე შეზღუდვა ძალაში პირველი იანვრიდან შედიოდა.

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით, მათ ტელევიზიების თხოვნა გაითვალისწინეს. თუმცაღა ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონის ამოქმედების ორი თვით გადაწევა ახალი სპონსორების მოძიებისთვის საკმარისი მაინც არაა და შეზღუდვის ამოქმედების ვადის შემოდგომამდე გადაწევას ითხოვენ.

"მარტიდან იკრძალება რეკლამირება, საგადასახადო კუთხით პირველი იანვრიდან. უბრალოდ, ის თხოვნა, რომ ტელევიზიებს მიეცეთ საშუალება, რომ გადაეწყონ, რამდენიმე თვეს ვაძლევთ და სწორი იყო ეს მიგნება. გვქონდა საუბარი ყველა უწყებასთან, მათ შორის, ასოციაციასთან, საპატრიარქოსთან. მედიასთან რომ გვქონდა პირველ განხილვაზე საუბარი, ამიტომ მოხდა ეს ცვლილება. ერთია სურვილი და მეორეა ოპტიმალური ვადა. ოპტიმალურ ვადად შეირჩა ეს", - თქვა ზარქუამ.

აზარტული თამაშების შეზღუდვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებულ ვადაში განიხილება. პარლამენტმა მას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. 

მმართველ გუნდში ცვლილებების მთავარ მიზეზად ლუდომანიასთან ბრძოლას ასახელებენ. კანონპროექტს კრიტიკულად უყურებენ მედიის წარმომადგენლები.

კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელებს ეჭვი უჩნდებათ, რომ აზარტული თამაშების რეკლამა პირდაპირაა დაკავშირებული მათი შემოსავლების მიზანმიმართულ შემცირებასთან. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის უარყოფითად აფასებს პარლამენტის გადაწყვეტილებას დაჩქარებულად განიხილოს აზარტული თამაშების და მათი რეკლამების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტი.

"არსებობს რისკი, რომ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს მაუწყებლების ფინანსურ დამოუკიდებლობას. ამ საკითხის გამოკვლევა კანონპროექტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე წარმოუდგენელია", - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

გარდა ამისა, პარტია ლელო გამოვიდა ინიციატივით, რომ რეკლამის აკრძალვის პირობებში, მედია 3 წლის ვადით გადასახადებისგან გათავისუფლდეს. საბა ბუაძის განმარტებით, სხვა პირობებში ლელოს გამართლებულად მიაჩნია აზარტული თამაშების შეზღუდვა და პარტია მსგავს ინიციატივას გასულ საპარლამენტო არჩევნებამდე ითხოვდა. თუმცა მისი თქმით, ამგვარი შეზღუდვების ახლა დაწესებას ხელისუფლების მხრიდან აშკარად პოლიტიკური მიზნები აქვს. აზარტული თამაშების რეკლამებიდან შემოსული თანხის გაქრობით ხელისუფლება დისკომფორტს შეუქმნის და შეავიწროებს კრიტიკულ მედიას.

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, მიხედვით, 25-წლამდე ადამიანებს ყველა სახის აზარტული თამაშები აკერძალებათ, გარდა წამახალისებელი ლატარიებისა.

კანონდარღვევა პირველ ჯერზე ორგანიზატორის 10 ათასი ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 20 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს

ყველა საჯარო სამსახურში, მათ შორის, მარეგულირებელ ორგანოებსა და ეროვნულ ბანკში დასაქმებულ ადამიანებს აეკრძალებათ აზარტული თამაშები. ასევე, თამაში ეკრძალებათ სოციალურად დაუცველებს.

შეიქმნება აკრძალულ პირთა სია. 

ასევე, იქმნება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სია და შეიქმნება მონაცემთა ბაზა.

კანონპროექტით გათვალისწინებული აკრძალვები არ ეხება სპორტულ ფსონებს. 

დამოკიდებულ პირთა სიაში ადამიანებს 5 წლით შეიყვანენ. 

იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა, თუმცა, არის გამონაკლისების სია, რა შემთხვევვაშიც რეკლამა დაშვებულია, მაგალითად, კანონპროექტში წერია, რომ: 

  • რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა; 
  • იქ, სადაც მიმდინაროებს სპორტული ღონისძიება, კომპანია კი არის სპონსორი; 
  • რეკლამა განთავსებულია საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე. 

close დახურვა