logo
ENG



აზერბაიჯანი ჩინეთისგან სამხედრო ტექნიკის შესყიდვას დაიწყებს

14 ივლ 202614:08
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/14/teuidr91x0812ln.jpg

აზერბაიჯანმა ჩინეთთან „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ დამყარების შემდეგ აქტიურად დაიწყო ჩინური სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების შესყიდვა.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ შუშაში გამართულ გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.

ალიევის თქმით, ჩინეთში განხორციელებულმა ოფიციალურმა ვიზიტმა და სტრატეგიულმა შეთანხმებამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სრულიად ახალ, თვისებრივად მაღალ დონეზე აიყვანა, რაც უკვე აისახება სამხედრო-ტექნიკურ სფეროშიც.

შუშაში გამართულ საერთაშორისო მედიაფორუმზე გამოსვლისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სატრანსპორტო და უსაფრთხოების განზომილებებს.

„გასულ წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩემმა ოფიციალურმა ვიზიტმა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერამ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან სერიოზულად გააღრმავა ყველა სფეროში... აზერბაიჯანმა ჩინეთისგან უკვე შეიძინა გარკვეული სამხედრო პროდუქცია. ზოგიერთი მათგანი წარმოდგენილი იყო ჩვენი გამარჯვების მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე. დანარჩენი ამჟამად მიეწოდება ჩვენს ქვეყანას, ზოგიერთი პროექტი კი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია,“ — განაცხადა ალიევმა.

ალიევის თქმით, ბაქო განსაკუთრებით არის დაინტერესებული პეკინთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებით, პარალელურად კი იზრდება ჩინური კომპანიების წარმომადგენლობა აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებში. აზერბაიჯანის მიერ ჩინური ტექნიკის შესყიდვა უკვე აისახა რეალურ სამხედრო არსენალზე.

2025 წლის 8 ნოემბერს, ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების 5 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე, ბაქომ საზოგადოებას ჩინური წარმოების შეიარაღების რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიმუში წარუდგინა საერთაშორისო და რეგიონული ანალიტიკური პლატფორმები (მათ შორის Eurasianet, Caspian Policy Center, ასევე ჩინური სახელმწიფო მედიასაშუალებები Xinhua და CGTN) აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანის ეს ნაბიჯი საგარეო და სამხედრო პოლიტიკის სერიოზულ დივერსიფიკაციაზე მიუთითებს.

აქამდე ბაქოს ძირითად სამხედრო პარტნიორებად თურქეთი, ისრაელი და პაკისტანი ითვლებოდნენ. ჩინური მაღალტექნოლოგიური შეიარაღების შესყიდვა აჩვენებს, რომ აზერბაიჯანს სურს შეამციროს დამოკიდებულება ტრადიციულ მომწოდებლებზე და ჩინეთის სახით შეიძინოს ახალი, გლობალური სამხედრო-ტექნიკური მოკავშირე.


close დახურვა