logo
ENG



აზოვი: აზოვსტალის ქარხანა სრულად განადგურდა, ვცდილობთ, მოქალაქეები ამოვიყვანოთ

19 აპრ 202220:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/19/oghm5doit2a6lwt.png

აზოვის ბატალიონი აცხადებს, რომ აზოვ სტალის ქარხანა დაბომბვის შედეგად მთლიანად განადგურდა. 

ბატალიონის ხელმძღვანელის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი რადიო თავისუფლების უკრაინულ ბიუროსთან აცხადებს, რომ ქარხანას სუპერ მძიმე ბომბები ესროლეს, ნანგრევების ქვეშ კი ძალიან ბევრი ადამიანია. 

ჯარისკაცები ახლა მათ ამოყვანას ცდილობენ. 

"ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა. მაგრამ მოვუწოდებთ უკრაინას და მსოფლიო ლიდერებს, გადაარჩინოს მშვიდობიანი მოქალაქეები, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები". - განაცხადა პალამარმა

აზოვსტალზე შტურმი რუსეთმა 19 აპრილს დაიწყო. მანამდე რუსეთმა მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდა და ამისთვის დროს მოსკოვის დროით 14:00-დან 16:00 საათამდე მისცა. უკრაინელებმა ბრძოლის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს. 

რუსეთმა ალყაში მყოფ მარიუპოლში უკრაინელ ჯარისკაცებს დანებება 17 აპრილსაც მოსთხოვა, თუმცა, თავდამსხმელებმა მარიუპოლის მცველებისგან მაშინაც უარი მიიღეს. 

ქარხანა აზოვსტალი 1930-იან წლებშია აშენებული. ის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქარხანაა. მეტალურგიული კომბინატის საერთო ფართობი თითქმის 11 კვადრატული კილომეტრია და მოიცავს კილომეტრებზე გადაჭიმულ გვირაბებს და საკომუნიკაციო არხებს. 

მოქალაქეები და მებრძოლების წორედ აზოვსტალის მიწისქვეშა ბუნკერებში არიან გამაგრებულები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ნაწილს მიწისქვეშა გვირაბებით უკავშირდება, სწორედ ამ გზებით ხდება უკრაინელი მებრძოლების მიერ რუსების მიმართ ჩასაფრების ოპერაციები. 

ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, 1-ლი მარტიდან ალყაშია. 

რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, 120 ათასამდე მოქალაქე კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ. 


close დახურვა