logo
ENG



აი, ფაქტი: ოცნების სიცრუეს რუსულ კანონზე 59 მუნიციპალიტეტში დასაქმებული 320 პირი ავრცელებს

08 აპრ 202400:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/08/5m7m96iwnd91gc7.png

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის ცნობითქართული ოცნების დავალებით, რუსული კანონის მხარდამჭერ პოსტებს კოორდინირებულად აზიარებენ 59 მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები.

მათი თქმით, ქართული ოცნების ტყუილების გავრცელების სქემა ასეთია: პოსტს ავრცელებს პარტიის ცენტრალური ოფისი ან ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, ამ მასალას მყისიერად აზიარებენ სახელმწიფო რწმუნებულები რეგიონებში და მერები, Შემდეგ კი მას ავრცელებენ ადმინისტრაციისა და ა(ა)პ-ების სხვა თანამშრომლები.

"საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში ამ დროისთვის დასაქმებულია, მინიმუმ, 20,000 ადამიანი და როგორც ჩვენი დაკვირვებით ჩანს, მმართველი პარტია მათ სრულად მობილიზებას ცდილობს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ამბროლაურის მერიის შიდა ჩატის ფოტოები, რომელიც ჩვენ წყარომ მოგვაწოდა", - წერს აი, ფაქტი.

მათი ინფორმაციით, ჩატში ამბროლაურის მერის მრჩეველი გიგი ნატმელაძე თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ იაქტიურონ და აძლევს მითითებას, რა სახის კომენტარები უნდა წერონ. 

მანამდე, 5 აპრილს აი, ფაქტმა რუსულ კანონთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საჯარო სამსახურში დასაქმებულების კოორდინირებული ქცევა დააფიქსირა.

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა