logo
ENG



აირზენას დირექტორი ელოდება იმას, თუ ვინ გადაიხდის უფრო მეტ ფულს - გახარია

23 მარ 202001:02
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ავიაკომპანია "აირზენას" დირექტორს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად მთავრობის ნებართვას ელოდება. 

პრემიერ-მინისტრმა "აირზენა" მსგავსი განცხადების გაკეთების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ავიაკომპანიას მითითებები უკვე მიღებული აქვს. 

"ვფიქრობ, რომ "აირზენას" დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს. ჩვენი ამოცანა არის მარტივი - მაქსიმალურად სწრაფად, ორგანიზებულად ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ ევროპის და საერთოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას არავის არ დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომლებსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნება ექსპროპრიირებული სახელმწიფოს მიერ, დროებით რა თქმა უნდა, იმისთვის რომ დაიცვას მოქალაქეების ინტერესები. აი ეს გადაეცით კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განაცხადა, რომ სხვადასხვა ობიექტები უნდა დახურულიყო. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ავიამიმოსვლა წყდება და ქვეყანაში მხოლოდ ქართული ავიაკომპანიები გააგრძელებენ მუშაობას. დღეს "ფორმულასთან" სატელეფონო საუბარში, აირზენას დირექტორმა რომან ბოკერიამ აღნიშნა, რომ კომპანია ფრენების საწარმოებლად და საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ხელისუფლების ნებართვას ელოდება. 


close დახურვა