უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე, რომელიც ამჟამად საადვოკატო საქმიანობას ეწევა, ამბობს, რომ ერთ-ერთი საქმესთან დაკავშირებით დაემუქრნენ, რომ, თუ ივანიშვილისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, მოკლავდნენ. ამის შესახებ მან TV პირველთან ისაუბრა.
"უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მომივიდა მესიჯი, რომ თუ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, რომელიც უკვე დასრულებული არის, არ მივიღებდი სასურველ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდებოდა ქართულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილს, მოქმედ ხელისუფლებას, მე ტვინს გამასხმევინებდნენ. ასევე, მაგალითად, მივიღე შემოთავაზება ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, სადაც მითხრეს, რომ თუ მე იმ საქმეს წინასწარ, გარიგებულად მოვაწერდი ხელს, ჩემს მიმართ შეიცვლებოდა დამოკიდებულება და განწყობა. ასევე კლანისგან მივიღე ისევ მუქარა, რომ თუ მე, მაგალითად, ვისაუბრებდი ჟურნალისტებთან საჯაროდ და ღიად სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, მე შემექმნებოდა პრობლემა, გადამივლიდნენ და უკან არ დაიხევდნენ არაფერზე. მიუხედავად ამისა, მე არ ვაპირებ გაჩერებას", - თქვა ალავიძემ.
დღეს მედიაში ზოგიერთი მოსამართლის ფეისბუქსთორები გავრცელდა, რომლებშიც ისინი კონსტიტუციის 78-ე მუხლს აზიარებს. აღნიშნული მუხლი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება.