logo
ENG



ალასანია: არანორმალურ ვითარებასთან გვაქვს საქმე, უფრო დაუმძიმეს მდგომარეობა ჩემს შვილს

20 აპრ 202217:44
3 წუთის საკითხავი
 

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ალასანიამ თქვა, რომ სიმპტომები, რომლებიც სააკაშვილს თავიდან ჰქონდა, ახლა ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში აქვს.

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს თემა გახდა რუტინული. თითქოს ჩვევაში გადავიდა, ადამიანი ზის და ზის. რა მოხდაო. ერთეულები არიან, რომლებიც ახსენებენ მხოლოდ, რისიც ძალიან მადლობელი ვარ. მაინტერესებს აზრი, როგორ მოვიქცეთ? თითქოს ყველა ხერხს მივმართეთ, ყველას მივმართეთ თხოვნით, რომ რაღაცნაირად ვუშველოთ ამ ადამიანს. ჩამოვიდა, დაიწყო შიმშილობა და მერე გარკვეული დროის შემდეგ დაუმძიმდა მდგომარეობა და დაესვა დიაგნოზი. რამდენიმე კომისია შეიქმნა და ყველას დიაგნოზი დაემთხვა ერთმანეთს, საბედნიეროდ. ზოგიერთ შემთხვევაში, პირდაპირ წერია, რომ უნდა გავიყვანოთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ და შესაბამის კლინიკაში მოვათავსოთ, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. უამრავი მიმართვაა პენიტენციურ დაწესებულებაზე, მაგრამ არავითარი რეაქცია ამაზე არაა. პირიქით, უფრო დაუმძიმეს მდგომარეობა ჩემს შვილს", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით პირადად, არაოფიციალურად მიმართა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

"სრულიად არანორმალურ ვითარებასთან გვაქვს საქმე. მე პირადად ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი, პოლონეთში ვიყავი ჩასული, მივმართე უკრაინას. უკრაინამ გამოგზავნა ოფიციალური თხოვნა, რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქეო, რადგან თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩემი შვილი ფაქტობრივად, განდევნეს აქედან, ჩამოართვეს მოქალაქეობა და იძულებული გახდა გამხდარიყო უკრაინის მოქალაქე. უკრაინა ითხოვს, რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქეო, არ ვიცი, ამას რა მოჰყვება. არაოფიციალური მიმართვაც იყო არაერთხელ, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს მიმართა პირადად, მაგრამ არავითარი რეაქცია ამას არ მოჰყოლია აქეთა მხრიდან", - განაცხადა ალასანიამ.

დღეს, 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე  შეუძლოდ გახდა და სხდომათა დარბაზის დატოვება მოუწია.

ადვოკატები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და მას შესაბამისი მკურნალობა სჭირდება.


close დახურვა