logo
ENG



ალბანეთის პარლამენტში ოპოზიციონერებმა ფერადი კვამლი გაუშვეს და პატარა ცეცხლი დაანთეს

21 ნოე 202308:56
3 წუთის საკითხავი
 

ალბანეთის ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის წევრებმა პარლამენტში ფერადი კვამლი გაუშვეს და პატარა ცეცხლი დაანთეს, რითაც 2024 წლის ბიუჯეტის კენჭისყრისთვის ხელის შეშლა უნდოდათ, თუმცა უშედეგოდ. ცეცხლი მალევე ჩააქრეს.

დეპუტატებმა პარლამენტის დარბაზის ცენტრში სკამები დადგეს და ჰაერში წითელი, მწვანე და იისფერი კვამლი გაუშვეს, რადგანაც დაცვა პრემიერმინისტრის სკამთან მისვლის საშუალებას არ აძლევდა.

Reuters წერს, რომ ერთ-ერთმა დეპუტატმა პატარა ცეცხლიც დაანთო, რომელიც კონტეინერით გადააწოდეს და დეპუტატების მაგიდაზე დადეს. ცეცხლმა გავრცელება დაიწყო და დეპუტატებმა ის მალევე ჩააქრეს.

პარტიის დე ფაქტო ლიდერმა, სალი ბერიშამ მთავრობა პარლამენტში ოპოზიციის გაჩუმების მცდელობაში დაადანაშაულა.

"ბრძოლას უკან დასახევი გზა არ აქვს", - განუცხადა ბერიშამ ჟურნალისტებს დარბაზში არეულობის შემდეგ, სადაც ბიუჯეტი პირველი მოსმენით მიიღეს სხდომაზე, რომელიც 5 წუთს გაგრძელდა.

"ჩვენი მიზანია პარლამენტში პლურალიზმის შემოტანა", - განაცხადა ბერიშამ.

გასულ თვეში პროკურატურამ სალი ბერიშას, რომელიც ალბანეთის ყოფილ პრემიერმინისტრია, და მის სიძეს მიწის გარიგების საქმეზე კორუფციის გამო ბრალი წაუყენა. მას ადანაშაულებენ 2005-2009 წლებში პრემიერმინისტრის გავლენის გამოყენებით ზეწოლაში "პრივატიზაციის პროცედურების დასრულებისთვის სხვების, მათ შორის მისი ქალიშვილის ქმრის სასარგებლოდ".

სიძე დააკავეს, ბერიშას კი დეპუტატის იმუნიტეტი იცავს. მას ქვეყნის დატოვება აქვს აკრძალული.

ბერიშა მოქმედ პრემიერმინისტრ რამას მის წინააღმდეგ სასამართლო დევნის დაწყებაში ადანაშაულებს.


close დახურვა