BBC-ის ცნობით, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან გამოვიდა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ექიმის ცნობით, ის ხმაზე რეაგირებს.
ბერლინის ჰოსპიტალმა, სადაც ნავალნი 22 აგვისტოდან მოყოლებული მკურნალობს, 2 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ოპოზიციონერი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს.
გერმანიის ფედერალური ხელისუფლება კრემლისგან პასუხებს ითხოვს, თუმცა რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბერლინში გადაყვანამდე ომსკის ექიმებმა ნავალნის ორგანიზმში მომწამვლავი ნივთიერების კვალი "ვერ იპოვეს".
რუსეთის პროკურატურამ 2 სექტემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელი მოკვლევისთვის ნავალნის სამედიცინო დოკუმენტაციის გადაცემა მოსთხოვა, თუმცა გერმანიის მთავრობას საპასუხო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვს გერმანიასთან დიალოგის გზით სურს დაადგინოს, თუ რა ნივთიერებით მოწამლეს ნავალნი.