logo
ENG



ალექსეი ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

22 მარ 202216:37
3 წუთის საკითხავი
 

რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გარდა ამისა, ოპოზიციონერს 1,2 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს, რაც ამჟამინდელი კურსით დაახლოებით 11,5 ათასი დოლარია. 

მოსკოვის სასამართლომ ნავალნი დამნაშავედ სცნო თაღლითობისა და სასამართლოსადმი უპატივცემულობის საქმეებში. გასულ კვირას პროკურატურმა ოპოზიციონერისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. 

სისხლის სამართლის ახალ საქმეზე პროცესი 15 თებერვალს დაიწყო. სხდომები N2 კოლონაში მიმდინარეობდა, სადაც ნავალნი სასჯელს იხდის მას შემდეგ, რაც ივ როშეს საქმეზე პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს.

თაღლითობის შესახებ პროკურატურამ საქმე 2020 წლის ბოლოს აღძრა. გამოძიების მტკიცებით, ნავალნიმ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც კორუფციასთან ბრძოლისა და სხვა ფონდებში იყო ჩარიცხული. სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის საქმე მაშინ გაჩნდა, როცა  ვეტერანის მიმართ ცილისწამების საქმეზე პროცესი მიმდინარეობდა. საქმე 2021 წლის მაისში აღძრეს, შემდეგ კი თაღლითობის პროცესთან გააერთიანეს.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ 16 ადამიანი დაკითხა, მათ შორის დაზარალებულები, ექსპერტები და მოემწეები. ამასთან, ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმემ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომელმა, ფედრო გოროჟანკომ განაცხადა, რომ ნავალნის წინააღმდეგ ბრალდებები აბსურდულია. მოგვიანებით, გოროჟანკომ თქვა, რომ რუსეთი დატოვა.

სასამართლოში გამოვიდა დაცვის მხარის 30 მოწმე, რომლებიც ფონდის მუდმივი შემწირველები იყვნენ, მაგრამ თავს დაზარალებულად არ ცნობენ.

11 მარტს დაკითხეს თვითონ ნავალნიც. აღძრულ საქმეს მან ფალსიფიცირებული უწოდა. მოსამართლე ვერა აკიმოვას, რომლის უპატივცემულობაშიც ოპოზიციონერი დაადანაშაულეს, ნავალნიმ არაპროფესიონალი და "სულელი ქალი" უწოდა.

"რისთვის შევქმენი ეს ორგანიზაცია? მე ის შევქმენი - ჩაწერეთ, გთხოვთ, პროტოკოლში - რადგან მეზიზღება ეს ხელისუფლება", - თქვა ნავალნიმ.

2020 წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნი მოწამლეს. თვითმფრინავში შეუძლოდ გახდომისა და ომსკის კლინიკაში ორდღიანი ყოფნის შემდეგ, ოპოზიციონერი გერმანიაში გადაიყვანეს. სექტემბერში ნავალნი კომიდან გამოვიდა და გერმანიაში რეაბილიტაცია გააგრძელა. რამდენიმე თვის შემდეგ რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რომ ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩაენაცვლებინა.

2021 წლის 17 იანვარს ნავალნი რუსეთში დაბრუნდა. ის აეროპორტში დააკავეს და მას შემდეგ ციხეში იმყოფება.


close დახურვა