აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2022 წელს იტალიისთვის გაზის მიწოდებას გაზრდის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან, ლუიჯი დი მაიოსთან და იტალიის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა 2021 წელს იტალიასთან ვაჭრობაში 10 მილიარდ დოლარს მიაღწია, 2022 წელს კი გაზის მიწოდების ზრდის ხარჯზე მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. 2021 წელს იტალიამ აზერბაიჯანისგან 7 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი მიიღო, წელს კი უფრო დიდი მოცულობის ბუნებრივი აირის გაგზავნას ჰპირდება.
„აზერბაიჯანი იტალიის მთავარი სავაჭრო პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. სამხრეთ კავკასიაში იტალიის ვაჭრობის 95% აზერბაიჯანზე მოდის. ძალიან კარგი რიცხვებია, თითქმის 10 მილიარდი დოლარი გასულ წელს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რიცხვი წელს იტალიისთვის გაზის მიწოდების ზრდასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის დასრულებასთან ერთად აზერბაიჯანი იტალიისთვის მნიშვნელოვან გაზის მიმწოდებლად იქცა და იტალიისთვის ბუნებრივი აირის მიმწოდებელ ქვეყანათა შორის მესამე ადგილს იკავებს.
სამხრეთის გაზის დერეფანი ევროკომისიის ინიციატივით შეიქმნა და კასპიისა და ევროპის აღმოსავლეთ რეგიონიდან ბუნებრივი აირს ევროპას მიაწვდის. სამხრეთის გაზის დერეფნის მიზანი, რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულების შემცირება და ენერგომიმწოდებლების გამრავალფეროვნებაა.
დერეფანი 3 დიდ გაზსადენს მოიცავს. მათგან ერთ-ერთი - სამხრეთ კავკასიის გაზსადენი აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ჩადის.