logo
ENG



ალტ-ინფოს დამფუძნებლები პოლიციაში გამოკითხეს

15 ივლ 202110:20
3 წუთის საკითხავი
 

პრორუსული, ძალადობრივი პლატფორმის, ალტ-ინფოს და ორგანიზაცია ქართული მისიის დამფუძნებლები განყოფილებაში გამოკითხეს. განყოფილების დატოვების შემდეგ ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები კვლავ მუქარის შემცველი ტექსტებით გამოირჩეოდნენ.

ალტ-ინფოს წამყვანმა, ზურა მახარაძემ, რომელიც ძალადობრივი მოწოდებებითაა ცნობილი, ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. ხოლო პლატფორმის დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ მედიის წარმომადგენლებზე ძალადობაში ისევ ჟურნალისტები დაადანაშაულა.

პლატფორმიდან ვრცელდება ქსენოფობიური, ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილები. 5 ივლისის ღირსების მარშის ჩაშლისთვის, წამყვანები და სტუმრები ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ. გარდა ამისა, ძალადობრივ კონტრაქციაში ალტ-ინფოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. 

აქციაზე მყოფი პირები ქალაქში დარბოდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებსა და გამვლელებს, ვინც გარეგნულად არ მოეწონებოდათ. ისინი შეიჭრნენ შენობაში, სადაც მოძრაობა სირცხვილიას ოფისი მდებარეობს და დაარბიეს ორგანიზაცია თბილისი პრაიდის ოფისიც. 

სირცხვილიას ოფისთან ხალხის მობილიზება კონსტანტინე მორგოშიამ დაიწყო. მან რუსთაველზე შეკრებილებს მიმართა, რომ 500-600 კაცი გამოყოფილიყო, რომლებიც ინგორყვას ქუჩაზე მივიდოდნენ. სწორედ სირცხვილიას ოფისთან დაესხნენ თავს TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტს, მირანდა ბაღათურიას. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა. ოპერატორი 11 ივლისს სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

ადგილზე დირექტივების ერთ-ერთი გამცემი იყო ზურა მახარაძეც. პარლამენტის წინ კარვების აყრისკენ ხალხს სწორედ ის მოუწოდებდა. 

5 ივლისს თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვისა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის 21 პირია დაკავებული. როგორც ცნობილია, გამოძიება ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორების გამოვლენის კუთხითაც მუშაობს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. 


close დახურვა