logo
ENG



ალუბლების ქუჩაზე მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

05 მარ 202017:32
3 წუთის საკითხავი
 

ვაზისუბნის დასახლებაში, ალუბლების ქუჩაზე მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ კორპუსის ადგილზე ისინი წლებია სტადიონის და საბავშვო სკვერის აშენებას ითხოვენ, თუმცა მერიამ მათი მიმართვები, უპასუხოდ დატოვა. მათივე თქმით, ტერიტორია რეკრეაციულ ზონად ითვლებოდა, თუმცა გასხვისების შემდეგ, სტატუსი მოეხსნა.

„ბევრჯერ დაიწერა განცხადება მერიაში, რომ გვინდოდა ბავშვებისთვის რაიმე გასართობი საშუალება ყოფილიყო. მათ გვითხრეს, რომ არ შეიძლებოდა, ყოველთვის უარი მოდიოდა“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ლია მაილაშვილი.

რაც შეეხება დეველოპერული კომპანია NID-ის პოზიციას, დირექტორი ნინო ღოღობერიძე აცხადებს, რომ როდესაც ტერიტორია შეიძინა, არავითარი რეკრეაციული სტატუსი არ ჰქონდა.

„ეს იყო საზოგადოების საქმიანი ზონა 2. მოსახლეობის მხრიდან რა თქმა უნდა დიდი წინააღმდეგობაა, ზოგს ავტომობილი უნდა რომ გააჩეროს, ზოგს უნდა რომ თავისი უკანონოდ დარგული ტერიტორია დაისაკუთროს და ასე შემდეგ. ანგრევენ ღობეებს, რასაც ვაკეთებთ. ეს არ არის ნორმალური საქციელი მაგრამ ვცდილობთ, როგორმე მოვრიგდეთ. მშენებლობა აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ნინო ღოღობერიძემ.

მიმდებარე კორპუსის მცხოვრებლები სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს ტერიტორიის შემოღობვის და მშენებლობის დაწყების უფლებას არ აძლევენ.


close დახურვა