logo
ENG



ამ გამოძიებით დააზიანეს ქველმოქმედების იდეა - ფონდი იავნანა

10 ნოე 201917:04
3 წუთის საკითხავი
 
gdltj0jzvok53gl.jpg

ფონდ „იავნანაში“ პროკურატურას გამოძიების შეწყვეტას სთხოვენ, რათა ორგანიზაციას სრულფასოვანი მუშაობის საშუალება მიეცეს. როგორც „ფორმულასთვის“ გახდა ცნობილი, ფონდი დეკემბერში გეგმავს კონცერტს, რომლისთვის მზადებაც უკვე დაწყებულია.

ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ პაატა ბურჭულაძეს მართლა რომ ჩაედინა ის დანაშაული, რასაც ედავებიან, პროკურატურას ამდენ ხანში არ გაუჭირდებოდა ამის დამტკიცება.

„საჩივარი წინასწარ იყო დაწერილი და ეს ბუფონადა მიმართული იყო პაატა ბურჭულაძის, ერთი პიროვნების დისკრედიტაციისკენ. ფონდი გამოყენებული იყო იარაღად. ამით ქვეყანაში მოხდა ქველმოქმედების იდეის დისკრედიტირება“ - განაცხადა თეონა ჯორბენაძემ, „იავნანას“ წარმომადგენელმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურ დევნას უწოდებენ პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ მიმართულ გამოძიებას. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მუდმივად ცდილობს, ჩამოიშოროს ის ადამიანები, ვინც საზოგადოებაში ნდობით სარგებლობს.

„ბიძინა ივანიშვილს ეშინია, რომ პაატა ბურჭულაძე შეიძლება კვლავ დაბრუნდეს და გავლენა ჰქონდეს პოლიტიკაზე, სხვა ახსნა არ აქვს იმას, რომ ეს საქმე არ არის დახურული. ეს საქმე, ისევე როგორც სხვა საქმეები, ემსახურება პოლიტიკურ დევნას, მათ გაშავების მცდელობას, მაგრამ ყოველ ჯერზე ვხედავთ, რომ ეს არის წარუმატებელი მცდელობა“ - ამბობს სერგო რატიანი „ფორმულასთან“ საუბრისას.

ფონდ „იავნანას“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურას შედეგი ისევ არ აქვს. ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ, უწყებიდან ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც ატყობინებენ, რომ საქმეზე ჯერ არც დამნაშავე გამოუვლენიათ და არც დაზარალებული. ეს ინფორმაცია, პროკურატურიდან მიღებულ ოფიციალურ პასუხთან ერთად, ბურჭულაძემ დღეს საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა. 


close დახურვა