„ამ ცხოვრების დედაც“ - ამ ლოზუნგით მთელი ღამის განმავლობაში მდუმარე აქციები მიმდინარეობდა თბილისში. ფრაზით ათობით ქუჩა და ფასადი აჭრელდა სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა მოძრაობის წევრები 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალებისა და პოლიციის მხრიდან ზეწოლის ფაქტს აპროტესტებდნენ.
საპროტესტო აქცია თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაიწყო, სადაც აქტივისტებმა ძალადობრივი სისტემა გააპროტესტეს. წარწერები მათ სამართალდამცავი უწყების შესასვლელთან, საავტომობილო გზაზე დატოვეს. ქუჩის მოხატვის გამო, საავტომობილო მოძრაობის შეჩერებას აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
მოზარდის გარდაცვალებაზე სამოქალაქო აქტივისტები პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, მთლიანად ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან, მათი განცხადებით, 15 წლის მოზარდი ძალადობრივი სისტემის ერთადერთი მსხვერპლი არ არის.
15 წლის ლუკა სირაძე, გუშინ დღის ბოლოს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მოზარდის გარდაცვალებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა. ლუკა სირაძეზე ზეწოლისა და ჩვენების მიცემის იძულების გამო დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ერთი თანამშრომელი - მარინა ჩოლოიანი დააკავეს. სახელმწიფო ინსპექტორმა ჟურნალისტების კითხვა უპასუხოდ დატოვა - როდის დააკავეს ჩოლოიანი - მოზარდის გარდაცვალებამდე, თუ ტრაგედიის შემდეგ. განცხადების გაკეთების დროს ბრალდებული ჩოლოიანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შენობაში იმყოფებოდა. ის უწყებიდან საკაცით გაიყვანეს და სასწრაფო დახმარების ავტომობილით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ღამის განმავლობაში, გარდაცვლილის ახლობლები იაშვილის კლინიკაში იმყოფებოდნენ. სამოქალაქო აქტივისტებმა საავადმყოფოსთან სიმბოლურად ყვავილები და სანთლები დატოვეს.
15 წლის ლუკა სირაძე 6-დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. ყოფილი სკოლის კედლებზე დატოვებული წარწერების გამო ის პოლიციაში გასულ კვირას აღმოჩნდა. დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადახტა.